ტატუნაშვილის საქმეში შესაძლოა, საერთაშორისო ექსპერტიზის საჭიროება გამოიკვეთოს
საქართველოს მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე არ გამორიცხავს, რომ არჩილ ტატუნაშვილის საქმეში საჭირო გახდეს უცხოელი ექსპერტების ჩართვა. შოთაძის განმარტებით, უცხოელი სპეციალისტების ჩართვის საკითხი გაირკვევა მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდება საქართველოში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა. „გამოძიება შსს-ში დაწყებულია იმ დღის შემდეგ, როდესაც მოხდა არჩილ ტატუნაშვილის გატაცება. მიმდინარეობს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება. რაც შეეხება საერთაშორისო ექსპერტიზის ჩართულობას ამ საქმეში, ამ ეტაპზე ექსპერტიზა დანიშნულია საქართველოში, სამხარაულის ბიუროში და ექსპერტიზის შედეგების მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას, არის თუ არა იმის საჭიროება, რომ ჩატარებულ იქნას საერთაშორისო ექსპერტიზაც“ - განაცხადა 22 მარტს, ირაკლი შოთაძემ.