ნადეჟდა სავჩენკო დააკავეს
უკრაინის უშიშროების სამსახურმა კიევში დააკავა ნადეჟდა სავჩენკო მას შემდეგ, რაც 22 მარტს, პარლამენტმა დააკმაყოფილა გენერალური პროკურატურის მიმართვა და ხმათა უმრავლესობით სავჩენკოს მოუხსნა დეპუტატის იმუნიტეტი. უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს განცხადებით, ნადეჟდა სავჩენკო მოქმედებდა 8 მარტს დაკავებულ, ორგანიზაცია „ოფიცერთა კორპუსის“ ხელმძღვანელთან, ვლადიმირ რუბანთან ერთად და მათი მიზანი იყო კონსტიტუციური წყობის დამხობა და ძალაუფლების ხელში ჩაგდება. ლუცენკოს განცხადებითვე, სავჩენკოს და რუბანს ბრალად ედება ტერაქტის და უკრაინის პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და მთავრობის და პარლამენტის წევრების სიცოცხლის ხელყოფის მომზადება, დონეცკელი სეპარატისტების საქმიანობის ხელშეწყობა და იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვა და გადაცემა. გამოძიების ინფორმაციით, შეთქმულება აღიკვეთა უკრაინელი სამხედროების წყალობით, რომლებმაც სამართალდამაცვებს შეატყობინეს რუბანისა და სავჩენკოსგან მიღებული შეთავაზება გადატრიალებაში მონაწილეობის შესახებ. 22 მარტს უკრაინის პარლამენტის სხდომაზე დეპუტატებს უჩვენეს საქმეში არსებული ვიდეო და აუდიოჩანაწერები, რომლებიც პროკურატურის განცხადებით, ადასტურებენ შეთქმულების მზადებას. თავად ნადეჟდა სავჩენკომ გამოძიების მასალებს უწოდა „პოლიტიკური პროვოკაცია“ და "სიურრეალიზმი.“ სავჩენკოს მტკიცებით, მას მხოლოდ ხელისუფლების დაშინება სურდა. ამასთან, სავჩენკომ აღიარა, რომ სეპარატისტებისგან იარაღს ყიდულობდა, თუმცა, არგუმენტად ის მოიყვანა, რომ სურდა ომის ნებისმიერ ფასად შეჩერება.