საბერძნეთში დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე
საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, საბერძნეთის პოლიციასთან ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად, ათენში დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები გასაქურდ ბინებს წინასწარ არჩევდნენ, მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ მონაცემებს და შემდეგ ქურდავდნენ. შსს-ს ცნობითვე, საქართველოს ამ მოქალაქეებმა საბერძნეთის ტერიტორიაზე გაძარცვეს სულ 200-მდე ბინა. სამართალდამცავებმა ოთხივე პირის საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ფული და მოპარული ნივთები. საქართველოს შსს-ს განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებს დანაშაულებრივი კავშირი ჰქონდათ ერთ-ერთ, ე.წ. „კანონიერ ქურდთან,“ რომლისგანაც დავალებებს იღებდნენ და მოქმედებდნენ ე.წ. „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით. ათენში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს ბრალად ედება ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების ჩამოყალიბება, ჯგუფურად მრავალგზის ქურდობა, ფულის გათეთრება და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა, რაც 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.