რუსეთი აცხადებს, რომ სირიის არმია მთლიანად აკონტროლებს აღმოსავლეთ ღუტას
41 ათასმა სირიელმა მეამბოხემ და მათმა ოჯახების წევრებმა დატოვეს სირიის ქალაქი აღმოსავლეთ ღუტა, რომელსაც, რუსეთის ცნობით, უკვე მთლიანად აკონტროლებს სირიის სამთავრობო ჯარი. გენერალ-მაიორ იური ევტუშენკოს 31 მარტის განცხადების თანახმად, მეამბოხეები ჯერჯერობით კვლავ რჩებიან სირიის დედაქალაქ დამასკის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ დუმაში. სირიის სამთავრობო ჯარებმა რუსეთის აქტიური საავიაციო დახმარებით თებერვლიდან წამოიწყეს მასშტაბური შეტევა მეამბოხეების პოზიციებზე, რომლებიც ოთხის წლის განმავლობაში აკონტროლებდნენ დამასკთან ახლომდებარე ქალაქ ღუტას. გავრცელებული ცნობებით, სირიის არმია აპირებს შტურმს ქალაქ დუმის გასათავისუფლებლად, სადაც შესაძლებელია კვლავ იმყოფებოდეს რამდენიმე ათასი მშვიდობიანი მოქალაქე. რუსეთის შუამავლობით მეამბოხეებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რათა დატოვონ ქალაქი და გაემართონ პროვინცია იდლიბისაკენ, რომლის მნიშვნელოვან ნაწილს კვლავ შეიარაღებული ოპოზიცია აკონტროლებს.