პალესტინური მხარე დემონსტრაციისას დაღუპულთა რაოდენობის ზრდას იუწყება
პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, 17-მდე გაიზარდა ღაზის სექტორის და ისრაელის საზღვართან, 30 მარტის დემონსტრაციის დარბევისას დაღუპულთა რაოდენობა. სამინისტროს მიერ 2 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, საავადმყოფოში გარდაიცვალა მძიმედ დაჭრილი 29 წლის პალესტინელი მამაკაცი. სამინისტროს ცნობითვე, დაჭრილია 1400-ზე მეტი ადამიანი. 30 მარტს, ისრაელის არმიის სამხედროებმა რეზინის ტყვიების და ცრემლსადენი გაზის გარდა, ცეცხლსასროლი იარაღიც გამოიყენეს მას შემდეგ, რაც ღაზის სექტორში დაწყებული საპროტესტო აქციის მონაწილეები ისრაელის საზღვარს მიუახლოვდნენ. ისრაელის მთავრობის ინფორმაციით, აქციაში მონაწილეობდა 30 ათასამდე პალესტინელი. დემონსტრანტები მოითხოვდნენ ისრაელის ტერიტორიიდან დევნილი პალესტინელების დაბრუნებას. საპროტესტო აქციის ძალით დაშლის დამოუკიდებელი გამოძიება მოითხოვეს გაერომ და ევროკავშირმა. საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ავიგდორ ლიბერმანმა განაცხადა, რომ არანაირი საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება.