რუსული წყაროების ცნობით, აშშ-მა გადადო ახალი სანქციების დაწესება
აშშ-მა რუსეთს ვაშინგტონში საელჩოს მეშვეობით აცნობა, რომ ჯერჯერობით არ აპირებს მოსკოვისთვის ახალი სანქციების დაწესებას - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით 18 აპრილს იუწყებიან სააგენტოები „ტასი,“ „ინტერფაქსი“ და „რია-ნოვოსტი.“ გასულ კვირას, გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენლმა, ნიკი ჰეილიმ ტელეკომპანია CBS-ს აცნობა, რომ სირიის რეჟიმის მხარდაჭერის გამო, ვაშინგტონი რუსეთს 16 აპრილს დაუწესებდა ახალ სანქციებს. თუმცა, აშშ-ის ადმინისტრაციამ ოფიციალურად მხოლოდ ის განაცხადა, რომ დამატებით სანქციებს განიხილავს და გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს. 17 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკის საკითხებში, ლარი ქუდლოუმ არ გამორიცხა, რომ ნიკი ჰეილის რაღაც აერია და მოვლენებს წინ გაუსწრო. თუმცა, თავად ნიკი ჰეილიმ ტელეკომპანია Fox News-ს განუცხადა, რომ მას არაფერი შეშლია.