როჰანი: ირანი მოიპოვებს ნებისმიერ იარაღს, რომელიც მას შეკავებისთვის დასჭირდება
ირანი დაამზადებს ან შეისყიდის ნებისმიერ იარაღს, რომელიც მას შეკავებისთვის დასჭირდება, თუმცა ის არ აპირებს მეზობლებისთვის ზიანის მოტანას - განაცხადა პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ თეირანში, ეროვნული არმიის დღეს ჩატარებულ აღლუმზე. "მსოფლიოს ვეუბნებით, რომ დავამზადებთ ან შევიძენთ ნებისმიერ იარაღს, რომელიც დაგვჭირდება და მათ ნებართვას არ დაველოდებით" - განაცხადა როჰანიმ 19 აპრილს და დასძინა: "ჩვენ გვსურს მეგობრული და ძმური ურთიერთობა გვქონდეს ჩვენს მეზობლებთან და მათ ვეუბნებით, რომ ჩვენი იარაღი, ჩვენი შეიარაღება, ჩვენი რაკეტები, ჩვენი თვითმფრინავები, ჩვენი ტანკები თქვენს წინააღმდეგ არ არის, ისინი შეკავებისთვისაა". როჰანის თქმით, ირანი ნორმალურ რეგიონში არ მდებარეობს და შეჭრილმა ძალებმა მის გარშემო ბაზები დააარსეს. აშშ-მა, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა გასულ კვირაში საჰაერო დარტყმები განახორციელეს ირანის მოკავშირე სირიაზე. ეს დარტყმა პასუხი იყო სავარაუდოდ ქიმიური იარაღით განხორციელებულ შეტევაზე, რომელშიც ეს ქვეყნები პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობას ადანაშაულებენ. "საერთაშორისო კანონის პრინციპების უგულებელყოფით, ისინი რეგიონულ საქმეებში ერევიან და გაეროს ნებართვის გარეშე იჭრებიან სხვა ქვეყნებში" - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.