აზერბაიჯანში გაიმართა პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მეოთხე ვადით ინაუგურაცია
აზერბაიჯანში გაიმართა პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ინაუგურაცია 11 აპრილის არჩევნებში მეოთხე ვადით გამარჯვების შემდეგ. ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა არჩევნებს, რომელსაც უცხოელი მეთვალყურეებიც აკრიტიკებენ. 56 წლის ილჰამ ალიევი კიდევ შვიდი წლით უხელმძღვანელებს ნავთობითა და გაზით მდიდარ ქვეყანას. ის პრეზიდენტად რჩება 2003 წლიდან, როცა გაიმარჯვა მამის, აზერბაიჯანის სტაჟიანი ლიდერის, ჰეიდარ ალიევის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე გამართულ არჩევნებში. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ალიევს ერგო ხმების 86,1%. უცხოელი მეთვალყურეების შეფასებით, კენჭისყრაზე აღინიშნა „სერიოზული დარღვევები“ და არ არსებობდა რეალური კონკურენცია. დასავლეთის მთავრობები და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები მრავალი წელია ბაქოს აკრიტიკებენ დამოუკიდებელი მედიის შევიწროვების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და აქტივისტების დევნის გამო.