უკრაინა ითხოვს ეკლესიის ავტოკეფალიას
უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა მსოფლიო პატრიარქის, ბართლომესადმი პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიმართვას, ავტოკეფალია მიანიჭოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას. პოროშენკოს განცხადებით, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია იქნება ისტორიული სამართლიანობის აღდგენა და მოცილება რუდიმენტებისა იმ პოლიტიკური პროექტიდან, რომელიც რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მოიფიქრა და „რუსულ სამყაროდ“ იწოდება. უკრაინის პრეზიდენტი 9 აპრილს, თურქეთში ვიზიტისას შეხვდა მსოფლიო პატრიარქს, კონსტანტინოპოლის არქიეპისკოპოსს, ბართლომეს. შეხვედრიდან რამდენიმე დღეში პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ ავტოკეფალიის საკითხი შესაძლოა, განიხილონ მართლმადიდებელი ეკლესიის კრებაზე, რომელიც 28 ივლისს უნდა ჩატარდეს. ამჟამად უკრაინაში არსებობენ მოსკოვის საპატრიარქოს კანონიკური უკრაინული ეკლესია და ორი არაღიარებული - კიევის საპატრიარქოს მართლმადიდებელი ეკლესია და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია. თუ მსოფლიო პატრიარქი უკრაინის მიმართვას დააკმაყოფილებს, უკრაინის გაერთიანებული ავტოკეფალიური ეკლესია კვლავ დაექვემდებარება კონსტანტინოპოლის ეკლესიას, როგორც ეს იყო 998 წლიდან 1686 წლამდე. კიევის მიტროპოლია მოსკოვის საპატრიარქოს 1686 წელს შეუერთდა.