პატიმართა შეწყალების პროცესის გასაუმჯობესებლად სპეციალური ჯგუფი შეიქმნება
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა გიორგი მარგველაშვილის, შეწყალების კომისიის წევრების და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის, კახი კახიშვილის შეხვედრა. მისი დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პატიმართა შეწყალების პროცესის დასახვეწად შეიქმნება პრეზიდენტის ადმინისტრაციის და სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენელთა ერთობლივი ჯგუფი, რომელიც ტექნიკურ დეტალებზე იმუშავებს და უწყებებს შორის კომუნიკაციას გააუმჯობესებს. გარდა ამისა, გაფართოვდება შეწყალების კომისია და მის მუშაობაში ჩაერთვება სასჯელაღსრულების სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენელი. პრეზიდენტმა 16 აპრილს გადაწყვიტა, შეაჩეროს ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებით შეწყალების აქტების გამოცემა. გიორგი მარგველაშვილმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ცნობილი გახდა, რომ პირს, რომელმაც 13 აპრილს, თბილისში მოკლა ახალგაზრდა ქალი, თავის დროზე სასჯელი შეუმცირდა შეწყალების აქტის საფუძველზე და საპატიმრო 2017 წლის მაისში დატოვა.