პროტესტის ფონზე, სომხეთის პრემიერი ოპოზიციას მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, სერჟ სარქისიანმა ოპოზიციონერ დეპუტატს, ნიკოლ პაშინიანს მოუწოდა დაუყოვნებლივ გაიმართოს მათ შორის მოლაპარაკება, იმ ფონზე, როცა პოლიცია აცხადებს, რომ აღარ მოითმენს პრემიერ-მინისტრის არჩევის საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლებს. ერევანში მეცხრე დღეა გრძელდება გამოსვლები, რომელთა მონაწილეებიც აცხადებენ, რომ ეწინააღმდეგებიან სარქისიანის მხრიდან ძალაუფლების შენარჩუნებას, ათწლიანი პრეზიდენტობის შემდეგაც. "ღრმად შეშფოთებული ვარ შიდაპოლიტიკური პროცესებით. საიმისოდ, რომ თავიდან ავიცილოთ გამოუსწორებელი დანაკარგი, მოვუწოდებ ნიკოლ პაშინიანს მოლაპარაკების მაგიდასთან დავიწყოთ პოლიტიკური დიალოგი. ეს დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს" - ამბობს სარქისიანი თავის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. პაშინიანმა წარსულში უარყო სარქისიანთან მოლაპარაკება - "დიალოგისთვის ახლა უკვე დაგვიანებულია... მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ნებისმიერ დისკუსიაზე უარს ვამბობთ" - უთხრა მან ერევნის ცენტრში შეკრებილ ათასობით დემონსტრანტს 20 აპრილს და დასძინა, ჩვენ, ცხადია, მზად ვიქნებით განვიხილოთ სერჟ სარქისიანის გადადგომის პირობებიო. პაშინიანის თქმით, ოპოზიციას არ სურს ვენდეტა და შურისძიება. "თუ სარქისიანი რაც შეიძლება მალე გადადგება, ეს მხოლოდ სასარგებლო იქნება მისთვისაც და სომხეთის რესპუბლიკისთვისაც" - აცხადებს პაშინიანი. დემონსტრანტები ეწინააღმდეგებიან ქვეყნის მმართველი სისტემის გადაკეთებას იმგვარად, რომ სარქისიანს ძალაუფლების შენარჩუნების საშუალება მიეცა, მაშინაც კი, როცა ორი კვირის წინ დასრულდა პრეზიდენტის რანგში მისი მუშაობის ათი წელი.