სომხეთში დააკავეს საპროტესტო გამოსვლების ლიდერი, ნიკოლ პაშინიანი
ერევანში დააკავეს საპროტესტო გამოსვლების ლიდერი, ნიკოლ პაშინიანი და პოლიციის სადგურში წაიყვანეს. პაშინიანი დააკავეს ცოტა ხანში მას შემდეგ, რაც ჩაიშალა მოლაპარაკება მასსა და პრემიერ-მინისტრ სერჟ სარქისიანს შორის. "ხალხმა პაშინიანი უნდა გაათავისუფლოსო", უთხრა ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა კანონმდებელმა, სასუნ მიკაელიანმა, სანამ მასაც დააკავებდა პოლიცია. ერევანში უკვე 10 დღეა საპროტესტო გამოსვლები. დემონსტრანტები მოითხოვენ გადადგეს პრემიერ-მინისტრი სერჟ სარქისიანი, რომელიც პრემიერის პოსტზე დაინიშნა პრეზიდენტის რანგში ათწლიანი მუშაობის შემდეგ. მთავრობის ოპონენტები აცხადებენ, რომ ეს ცვლილება სერჟ სარქისიანს ფაქტობრივად უვადოდ ტოვებს ქვეყნის ლიდერის პოსტზე. 22 აპრილს, უფრო ადრე პაშინიანთან შეხვედრა დატოვა პრემიერ-მინისტრმა სერჟ სარქისიანმა, რომელმაც ოპოზიცია "შანტაჟში" დაადანაშაულა. "მე აქ მოვედი რათა თქვენი გადადგომა განვიხილოთ", უთხრა პაშინიანმა სარქისიანს სასტუმრო მერიოტში გამართულ შეხვედრაზე. "ეს დიალოგი არ არის, ეს შანტაჟია" - განაცხადა სარქისიანმა და შემდეგ დატოვა ოთახი, რომელშიც მედიის წარმომადგენლებიც იყვნენ. შეხვედრის დატოვებამდე სარქისიანმა პაშინიანს უთხრა, რომ მისმა პოლიტიკურმა ალიანსმა საპარლამენტო არჩევნებში ხმათა "მხოლოდ ექვსი თუ შვიდი პროცენტი მიიღო" და ამდენად მან არ უნდა ისაუბროს ხალხის სახელით და მთავრობას ულტიმატუმები არ უნდა წაუყენოს. პაშინიანმა განაცხადა, რომ სარქისიანმა რეალობასთან კავშირი დაკარგა და თავის მომხრეებს მოუწოდა კიდევ უფრო დიდი რაოდენობით გამოვიდნენ და მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის მასშტაბით გამართულ დაუმორჩილებლობის კამპანიაში.