გაერო და ევროკავშირი მართავენ კონფერენციას სირიის ჰუმანიტარული დახმარების შესახებ
ბრიუსელში დაიწყო საერთაშორისო კონფერენცია სირიაში შვიდი წლის წინ დაწყებული კონფლიქტით დაზარალებული მოსახლოების ჰუმანიტარულ დახმარებაზე სასაუბროდ. ორდღიანი კონფერენციის პირველ დღეს, 24 აპრილს, გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლები შეხვდნენ სირიასა და მის მეზობელ ქვეყნებში მომუშავე 200-მდე ჰუმანიტარული ჯგუფისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს. შეხვედრების დროს გამოთქმულ ინიციატივებსა და რეკომენდაციებს 25 აპრილს განიხილავენ კონფერენციაში მონაწილე მხარეების მაღალი რანგის დელეგაციები. სირიის შესახებ წლიური კონფერენცია მეშვიდედ იმართება ევროკავშირისა და გაეროს ორგანიზებით. ევროკავშირის მონაცემებით, ამჟამად სირიაში იმყოფება 6,1 მლნ ადგილნაცვალი პირი, ხოლო ხუთმა მილიონმა ქვეყანა დატოვა. ჰუმანიტარული დახმარებას საჭიროებს 13 მილიონამდე ადამიანი, მათ შორის ექვსი მლნ ბავშვი. გაერო აცხადებს, რომ გასულ წელს სირიისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მოწოდებას მოჰყვა 800 მილიონამდე დოლარის მობილიზება - გაცილებით ნაკლების, ვიდრე იყო საჭიროდ მიჩნეული 3,5 მილიარდი დოლარი.