სოფელ გორდში ინციდენტი მოხდა საარჩევნო უბანთან
ხონის საარჩევნო ოლქის N5 საარჩევნო უბანთან ერთმანეთს დაუპირისპირდნენ "ევროპული საქართველოსა" და "ქართული ოცნების" მხარდამჭერები. დაპირისპირება კენჭისყრის შენობაში დაიწყო და საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდა. საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი გახდა "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლის განცხადება,რომლის თანახმად, კენჭისყრის შენობაში "ქართული ოცნების" მხარდამჭერები აგიტაციას ეწეოდნენ. კერძოდ, ისინი აჩერებდნენ ამომრჩევლებს და ესაუბრებოდნენ. ამასთან, ორი პირს ეცვა პარტიის სიმბოლოებიანი მაისურები.
"გვინდა, აღვნიშნოთ, რომ საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია...“ - აცხადებენ საიაში.
ორგანიზაცია საარჩევნო პროცესებში მონაწილე პირებს მოუწოდებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ნებისმიერი სახის ძალადობისგან, დაიცვან კანონი, ამასთან, უზრუნველყონ, რომ არ მოხდეს მათი მხარდამჭერების მობილიზება უბნების მიმდებარე პერიმეტრზე, რათა საუბნო კომისიებს მიეცეთ მშვიდ და უსაფრთხო ვითარებაში მუშაობის შესაძლებლობა, ხოლო ამომრჩევლებს - ნების თავისუფლად გამოვლენის შესაძლებლობა. სამართალდამცავებმა მყისიერად აღკვეთონ ძალადობის ნებისმიერი ფაქტი და უზრუნველყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ ვითარებაში წარმართვა.