მადრიდის „რეალი“ ზედიზედ მესამედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში
უეფას ჩემპიონთა ლიგის 2017-18 წლების სეზონის პირველი ფინალისტი მადრიდის „რეალია“. „სამეფო კლუბმა“ ნახევარფინალში, ორრაუნდიან ბრძოლაში, 5:4 აჯობა მიუნხენის „ბაიერნს“. გერმანიაში 25 აპრილს გამართულ პირველ შეხვედრაში მადრიდელებმა 2:1 მოიგეს, საპასუხო მატჩი კი 1 მაისს ესპანეთში ფრედ დასრულდა - 2:2. „რეალი“ ლიგის ფინალში ბოლო ხუთ წელიწადში მეოთხედ, ზედიზედ კი მესამედ გავიდა. გადამწყვეტი მატჩი სამივე წინა შემთხვევაში მოიგო. მორიგ ტიტულს ზინედინ ზიდანის გაწვრთნილი გუნდი 26 მაისს შეუტევს. ვინ ეყოლება მეტოქედ, დღეს გაირკვევა „რომასა“ და „ლივერპულის“ შეხვედრაში.