სომხეთის პრემიერ-მინისტრის ასარჩევად პარლამენტში მორიგი სხდომა დაინიშნა
სომხეთის პარლამენტში 8 მაისს გაიმართება კიდევ ერთი სპეციალური სხდომა, რომელზეც განიხილება რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის არჩევის საკითხი. პარლამენტის თავმჯდომარის, არა ბაბლოიანის ინფორმაციით, სხდომა 12 საათზე დაიწყება. კანდიდატების ვინაობა ოფიციალურად ჯერ არ დასახელებულა. 1 მაისს, სომხეთის პარლამენტმა „რესპუბლიკური პარტიის“ ფრაქციის წინააღმდეგობის გამო ვერ შეძლო პრემიერ-მინისტრად აერჩია ოპოზიციის კანდიდატი, ნიკოლ ფაშინიანი. მისი მოწოდებით, 2 მაისიდან განახლდა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქცია „რესპუბლიკური პარტიის“ მმართველობის დასრულების მოთხოვნით. სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ვაკანტურია 23 აპრილიდან, როცა ხალხმრავალი საპროტესტო გამოსვლების შედეგად გადადგა პრემიერად 17 აპრილს არჩეული სერჟ სარგსიანი.