სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა პარტიებს მოლაპარაკებისკენ მოუწოდა
სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, კარენ კარაპეტიანმა ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, მოქალაქეებს და პოლიტიკურ პარტიებს მიმართა. კარაპეტიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის არჩევა შესაძლებელია მხოლოდ პარლამენტში, კონსტიტუციური გზით და არ არსებობს ამ საკითხის გადაწყვეტის სხვა თეორიული და პრაქტიკული შესაძლებლობა. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდა, გამოიჩინონ ნება, სიმტკიცე და მოქნილობა და მიუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას. კარაპეტიანის განცხადებით, სომხეთში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად აუცილებელია ცივილიზებული და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება და ქვეყანა გამოწვევას დაძლევს მხოლოდ ერთობლივი ძალებით. სომხეთში სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქცია 2 მაისიდან განახლდა მას შემდეგ, რაც 1 მაისს, „რესპუბლიკური პარტიის“ საპარლამენტო ფრაქციის წინააღმდეგობის გამო პარლამენტმა ვერ შეძლო პრემიერ-მინისტრად აერჩია ოპოზიციის კანდიდატი, ნიკოლ ფაშინიანი. საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები მოითხოვენ „რესპუბლიკური პარტიის“ მმართველობის დასრულებას.