ფაშინიანი სიფრთხილით ეკიდება რესპუბლიკელთა განცხადებას
სომხეთის ოპოზიციის ლიდერი, ნიკოლ ფაშინიანი სიფრთხილით მოეკიდა მმართველი რესპუბლიკური პარტიის მინიშნებას, რომ 8 მაისს გამართულ კენჭისყრაზე შესაძლოა ფაშინიანს დაუჭიროს მხარი პრემიერ-მინისტრის პოსტზე. ერევანში გამართული დემონსტრაციის მონაწილეებს ფაშინიანმა უთხრა, რესპუბლიკელების დაპირება "ჯერჯერობით მხოლოდ სიტყვიერი განცხადებააო". თუმცა ფაშინიანმა დროებით გააუქმა გაფიცვა და გამოსვლები - მხარდამჭერებს მოუწოდა, დავისვენოთო. მანამდე რესპუბლიკური პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა, ვაჰრამ ბაღდასარიანმა განაცხადა, რომ მისი პარტია კანდიდატს არ წარადგენს 8 მაისს დანიშნულ კენჭისყრაზე პრემიერ-მინისტრის ასარჩევად. ბაღდასარიანმა დასძინა, რომ პარტია მხარს დაუჭერს ნებისმიერ კანდიდატს, "ვინც უნდა იყოს ის", რომელსაც პარლამენტის სულ მცირე მესამედის მხარდაჭერა ექნება. ბაღდასარიანი ამ განცხადებებით გამოვიდა მას შემდეგ, რაც მისი პარტიის კანონმდებლებმა შეხვედრა გამართეს 2 მაისს. ერთი დღით ადრე, 1 მაისს რესპუბლიკურმა პარტიამ თავისი საპარლამენტო უმრავლესობა გამოიყენა საიმისოდ, რომ დაებლოკა ფაშინიანის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე. 1 მაისს პირველი კენჭისყრა გაიმართა მას შემდეგ, რაც პოსტიდან გადადგა რესპუბლიკური პარტიის ვეტერანი ლიდერი, სერჟ სარგსიანი. ბაღდასარიანის მოსვლა რამდენიმე წუთში მოჰყვა ოპოზიციური პარტიების განცხადებას, რომ ფაშინიანმა მოიპოვა ის სულ მცირე 35 დეპუტატის მხარდაჭერა, რომელიც საჭიროა პრემიერის პოსტზე წარსადგენად. ფაშინიანი და ცარუკიანის ალიანსის ფრაქციის ლიდერი, გაგიკ ცარუკიანი 2 მაისს ერთად გამოჩდნენ ერევანში გამართულ პრეს-კონფერენციაზე, სადაც გამოცხადდა, რომ ცარუკიანის ალიანსი მხარს უჭერს პოსტზე ფაშინიანის კანდიდატურის წარდგენას. ფაშინიანის ფრაქცია "ელკი" პარლამენტში ცხრა მანდატს ფლობს, ცარუკიანის ალიანსი - 31-ს, რაც ფაშინიანს ანიჭებს 105-ადგილიან პარლამენტში მესამედზე მეტი დეპუტატის მხარდაჭერას.