გიორგიობის დღესასწაულზე ხალხი ვერ მიდის საოკუპაციო ხაზის მახლობლად მდებარე აძვის ეკლესიაში
გორი-ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) იმყოფება საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, სოფელ მეჯვრისხევში, სადაც გიორგობის რელიგიურ დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა ჩაატარა. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ აძვთან გააძლიერეს ე.წ. საზღვრის დაცვა. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი საგანგებო განცხადებას ავრცელებს და ქართულ მხარეს აფრთხილებს, რომ სოფელ აძვის ეკლესიაში რელიგიური ღონისძიების ჩატარებას არ დაუშვებენ და აღკვეთენ საზღვრის დარღვევის მცდელობას - ამ ინფორმაციას ვკითხულობთ დე ფაქტო რესპუბლიკის ინფორმაციის კომიტეტის ვებსაიტზე.
6 მაისს საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ აძვში აღნიშნავენ გიორგობას, სოფლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული და იქ ხშირია ადგილობრივი მოქალაქეების დაკავების ფაქტები. წინა წლებში ამ დღესასწაულზე სოფლის ეკლესიაში წირვას ატარებდა ხოლმე გორი-ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), თუმცა წელს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და საქართველოს ხელისუფლებამ გაფრთხილება მიიღეს იმის თაობაზე, რომ საოკუპაციო ძალები აღკვეთენ ეკლესიაში მისვლის მცდელობას. გორის მიტროპოლიტი მეჯვრისხევიდან აძვში გაემგზავრება და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება. პარალელურად, დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახური იუწყება, რომ 5 მაისიდან ის საზღვრის დაცვის გაძლიერებულ რეჟიმზე გადადის ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავისთან დაკავშირებით დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებების გამო. 7 მაისიდან 10 მაისამდე კი ჩაიკეტება გამშვები პუნქტები და შეიზღუდება მოქალაქეების გადაადგილება.