ირანის პრეზიდენტი: აშშ ინანებს ბირთვული ხელშეკრულებიდან გასვლას
ირანის პრეზიდენტი, ჰასან როჰანი ამბობს, რომ აშშ ინანებს 2015 წლის ბირთვული ხელშეკრულებიდან გასვლას და რომ მის ქვეყანას შემუშავებული აქვს გეგმები, რათა უპასუხოს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ნებისმიერ გადაწყვეტილებას ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით. "გვაქვს გეგმები, რათა წინააღმდეგობა გავუწიოთ ტრამპის ნებისმიერ გადაწყვეტილებას ბირთვული შეთანხმების თაობაზე" - განაცხადა როჰანიმ 6 მაისს, ჩრდილოდასავლეთ ირანში წარმოთქმულ სიტყვაში, რომელიც ტელევიზიით გადაიცემოდა. "თუ ამერიკა ბირთვულ ხელშეკრულებას დატოვებს, მალე ნახავთ, რომ ეს ნაბიჯი ისტორიულ სინანულს გამოიწვევს" - აცხადებს ირანის პრეზიდენტი. ტრამპს ნათქვამი აქვს, რომ თუ ევროპელი მოკავშირეები 12 მაისამდე არ გამოასწორებენ ხელშეკრულების, მისი თქმით, "საშინელ ნაკლებს", ის აშშ-ს გაიყვანს შეთანხმებიდან. ხელშეკრულების ფარგლებში, თეირანს სანქციები მოეხსნა, მისი ბირთვული პროგრამის შეკვეცის სანაცვლოდ - მაგრამ ტრამპი ამბობს, რომ შეთანხმების პირობები არასაკმარისად მკაცრია. ხელშეკრულების ხელმომწერებს შორის არიან გერმანია, საფრანგეთი, რუსეთი, ჩინეთი და ბრიტანეთი, ისინი ვაშინგტონს მოუწოდებენ არ დატოვოს შეთანხმება - ამ ქვეყნების აზრით, შეთანხმება წარმოადგენს საუკეთესო გზას საიმისოდ, რომ ირანმა ვერ შეძლოს ატომური იარაღის შექმნა. ირანის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ თეირანი უარყოფს ტრამპის მოთხოვნებს ბირთვულ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.