ნავალნი ტვიტერით ადასტურებს, რომ სასამართლომდე გაათავისუფლეს
რუსეთის ოპოზიციის ლიდერმა, ალექსეი ნავალნიმ ტვიტერით დაადასტურა, რომ პატიმრობიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც ის, ასობით სხვა დემონსტრანტთან ერთად, დააპატიმრეს მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართულ საპროტესტო აქციებზე - რომლებიც გაიმართა ვლადიმირ პუტინის პრეზიდენტად მორიგ ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე. "ჩემზე ორი ბრალდება დაწერეს - აქციის ორგანიზება და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა, თუმცა შუაღამეს ნახევარი საათი რომ გადასცდა, არჩიეს გავეთავისუფლებინეთ სასამართლომდე" - წერს ნავალნი ტვიტერით. ამ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო 11 მაისს გაიმართება. ნავალნი რამდენჯერმე იმყოფებოდა პატიმრობაში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების მოწყობისთვის. მედიის თანახმად, მოსკოვში 5 მაისს გამართულ საპროტესტო აქციაში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა. პოლიციის ცნობით, მათი რიცხვი 1500-ს აღწევდა. რუსეთის პრეზიდენტობის მეოთხე ვადის დასაწყებად პუტინის ინაუგურაცია 7 მაისს უნდა გაიმართოს, რითიც გახანგრძლივდება მისი 18-წლიანი მმართველობა - რომლის დროსაც, პუტინის მომხრეთა აზრით, მან ქვეყანა "დაჩოქილი მდგომარეობიდან წამოაყენა", პუტინის მოწინააღმდეგეთა შეფასებით კი დაამყარა კორუმპირებული ავტოკრატია. ნავალნის, რომელმაც ბევრჯერ მოაწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები და არაერთი ანგარიში გამოაქვეყნა რუსეთის მმართველ ელიტაში გამეფებულ კორუფციაზე, არ მისცეს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება, ფინანსური დანაშაულის ბრალდების საფუძველზე, რომელსაც თავად ოპოზიციონერი შეთითხნილად მიიჩნევს. ნავალნის მიერ ორგანიზებული 5 მაისის აქციები გაიმართა ლოზუნგით "ის ჩვენი მეფე არ არის".