პაკისტანში თავდასხმის შედეგად დაიჭრა შინაგან საქმეთა მინისტრი
პაკისტანის პუნჯაბის პროვინციაში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი, აჰსან იყბალი - იუწყება პაკისტანის მთავრობა. მინისტრის მოადგილე, თალალ ჩოდრი ამბობს, რომ იყბალი ხელშია დაჭრილი და თავდასხმა მოხდა მის მშობლიურ რაიონში, ნაროვალში. მინისტრი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მედიაში ვრცელდება პოლიციის ინფორმაცია, რომ მინისტრს დაახლოებით 20 მეტრის დისტანციიდან ესროლეს. პოლიციამ დააკავა ეჭვმიტანილი, 20-დან 30 წლამდე მამაკაცი. მის შესახებ სხვა დეტალები არ ვრცელდება. თავდასხმა, რომლის ფონია პაკისტანში ზაფხულში დაგეგმილი ფედერალური არჩევნები, დაგმო პრემიერ-მინისტრმა, შაჰიდ ჰაყან აბასიმ.