9 მაისს გორში კომუნისტები ტოტალიტარული სიმბოლიკით გამოვლენ
ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავთან დაკავშირებით 9 მაისს გორში რამდენიმე ღონისძიების ჩატარებაა დაგეგმილი. დილიდან ქალაქის ქუჩებში აქცია-მსვლელობას გამართავს “უკვდავი პოლკი“.
“ესაა შესაძლებლობა იმის ჩვენებისა, რომ გამარჯვებულთა შთამომავლობა არასდროს დაივიწყებს თავისი წინაპრების გმირობას და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მნიშვნელობას. სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობა გამოვა ქალაქების ქუჩებში, გაივლის მარშით თავიანთი ნათესავების პორტრეტებით, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის ფრონტზე იბრძოდნენ ან ზურგში მუშაობდნენ”, – აცხადებენ ორგანიზატორები.
აქციის ორგანიზატორები არიან საქართველოს სლავი ხალხების ეროვნული კონგრესის პრეზიდენტი ლიკა ზახაროვა და „უკვდავი პოლკის” ხელმძღვანელი საქართველოში რევაზ გოგიძე.
მოგვიანებით სტალინის სახლ-მუზეუმთან მიტინგს გამართავს კომუნისტური პარტია. პარტიის ლიდერი ალეკო ლურსმანაშვილი აცხადებს, რომ მიტინგზე აუცილებლად გამოიტანენ იმ დროშას, რომელიც 73 წლის წინ რაიხსტაგზე საბჭოთა ჯარებმა აღმართეს. გარდა ამისა, სტალინისტები და კომუნისტები ქალაქის ცენტრში მოაწყობენ მსვლელობას და ადგილობრივ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მიმართავენ სტალინის ძეგლის დადგმის მოთხოვნით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან არსებული ტოტალიტარიზმის სიმბოლოების დამდგენი კომისია კი სახალხო მოძრაობა „სოციალისტური საქართველოს“ ლიდერ ვალერი კვარაცხელიას აფრთხილებს, რომ 9 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებზე ტოტალიტარიზმის სიმბოლოები არ გამოიყენოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მიმართავენ კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. კანონი „თავისუფლების ქარტია“ კრძალავს ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის გამოყენებას. კომუნისტების ლიდერი ალეკო ლურსმანაშვილი აცხადებს, რომ ეს არის სულელური კანონი.:
„გორში რომ ის დროშა არ აფრიალდეს, რაც რაიხსტაგზე ფრიალებდა, შეუძლებელია. წინასწარ ვამბობ, რომ ამ დროშას გამოვიტან და თუ დაგვიჭერენ, ბარაქალა მათ ვაჟკაცობას“.
ანტიტოტალიტარულ ფორუმს გამართავს საინიციატივო ჯგუფი „მარო“ (მარო მაყაშვილის პატივსაცემად შერჩეული სახელია) , ფორუმზე მოწვეული მომხსენებლები ისაუბრებენ ტოტალიტარიზმის შესახებ, ანტიდასავლური პროპაგანდის გაძლიერებისა და დასავლური ღირებულებების გააზრების თაობაზე. საინიციატივო ჯგუფი ხვალიდან დაიწყებს ხელმოწერების შეგროვებას გორის ცენტრალური ქუჩისთვის სტალინის სახელის გადარქმევის მოთხოვნით, ხელმოწერებს ადგილობრივ საკრებულოში წარადგენენ.
თავის მხრივ, გორის მერია მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს სამას-სამასი ლარით დაასაჩუქრებს. დღეისათვის გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მეორე მსოფლიო ომის 12 ვეტერანია დარჩენილი.