გორში მიმდინარეობს საპროტესტო აქცია
გორში, გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის სკვერში, ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი მართავს საპროტესტო აქციას. ისინი აპროტესტებენ 12 მაისს თბილისში, ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მათთვის მიუღებელია ახალგაზრდების მიმართ ძალადობა და ისინი სოლიდარობას უცხადებენ რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს. „არა ძალადობრივ ნარკოპოლიტიკას“, „კანონმა უნდა დაიცვას ადამიანი“ - გორის თეატრის წინ შეკრებილი ახალგაზრდები ამ შინაარსის ტრანსპარანტებით აპროტესტებენ სამართალდამცავების წუხანდელ ქმედებებს.
„ამ სამარცხვინო ნაბიჯით საქართველოს ხელისუფლებამ მიზანმიმართული ბრძოლა გამოუცხადა ყველა იმ იდეასა და ღირებულებას, რომლის გარშემოც შემოვიკრიბეთ ათასობით ადამიანი თბილისის კლუბებში. ეს კლუბები კი ჩვენთვის არა უბრალოდ გართობის, არამედ თავისუფალი თვითგამოხატვის, განვითარებისა და სოციალური ცვლილებების ყველაზე მნიშვნელოვანი და ნათელი კერაა! ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, უკომპრომისოდ ვერთვებით ღიად გამოცხადებულ ომში ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულების - თავისუფლებისა და საკუთარი მომავლის დასაცავად!“ - ამ შინაარსის ტექსტს ავრცელებენ აქციის მონაწილეები.