ზუგდიდის სოფელ ცაიშში ხვალ შუალედური არჩევნები ჩატარდება
13 მაისს საკრებულოს შუალედური არჩევნები ჩატარდება ზუგდიდის სოფელ ცაიშის 3 საარჩევნო უბანზე. ცესკოს მონაცემებით, თემში, საერთო ჯამში, რეგისტრირებულია 2 819 ამომრჩეველი. საკრებულოს მაჟორიტარული დეპუტატობისთვის სამი პარტიის წარმომადგენელი იბრძვის: „ქართული ოცნებიდან“ თენგიზ ალმასია, „ევროპული საქართველოდან“ გოდერძი კუკავა და „თავისუფალი საქართველოდან“ ბაჩუკი ნარუშვილი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს. მიზეზი, პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელ ანა წითლიძის თქმით, რამდენიმეა, მათ შორის: „არასათანადო გარემო, უნდობლობა პროცესის სამართლიანობისადმი, გაყალბებებისა და ადამიანთა მოსყიდვის გამოცდილება“.
ცაიშში კენჭისყრის დღეს საარჩევნო ადმინისტრაცია პირველად გამოიყენებს ელექტრონულ ტექნოლოგიებს, კერძოდ, ხმის დათვლის ელექტრონულ აპარატებს. ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის განცხადებით, მოხდება ახალი ტექნოლოგიის მხოლოდ დატესტვა. ამომრჩეველთა ხმები კი ჩვეულებრივ დაითვლება და ეს იქნება ოფიციალური მონაცემი.
სოფელ ცაიშში არჩევნები საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო დაინიშნა. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არჩეული მაჟორიტარი თამაზ ჟორჟოლიანი გასული წლის 2 ნოემბერს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა.