ევროპის ქვეყნები თავიანთ კომპანიებს დაიცავენ აშშ-ის მიერ ირანისთვის განახლებული სანქციებისგან
ევროპის ქვეყნები ატარებენ ზომებს, რომლებმაც მათი კომპანიები უნდა დაიცვას აშშ-ის მიერ ირანში ბიზნესსაქმიანობაში ჩართული ფირმებისთვის აღდგენილი, მკაცრი სანქციებისგან. ეს წარმოადგენს ნაწილს ევროპის ქვეყნების მცდელობისა შენარჩუნდეს ირანთან გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულება და მან კვლავაც მოუტანოს სარგებელი ირანის ეკონომიკას. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის პრესმდივნის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 11 მაისს გვიან საღამოს გამართულ სატელეფონო საუბარში დათანხმდა, რომ მოლაპარაკებაა საჭირო იმის დასადგენად, თუ როგორ აისახება ირანის სანავთობო და საბანკო სექტორებისთვის აღდგენილი აშშ-ის სანქციები ევროპულ კომპანიებზე. ეს ფირმები მუშაობენ 2015 წლის ბირთვული შეთანხმების ფარგლებში, რომელსაც ტრამპი გამოეყო. ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია, ისევე, როგორც რუსეთი და ჩინეთი აცხადებენ, რომ კვლავაც უერთგულებენ შეთანხმებას, რადგან მას მიიჩნევენ საუკეთესო გზად საიმისოდ, რომ ირანმა ვერ მოიპოვოს ატომური იარაღი. ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმაც განაცხადა, რომ ირანი კვლავაც დაიცავს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შეზღუდვებს მის ბირთვულ პროგრამაზე, თუმცა მხოლოდ იმ დრომდე, სანამ ირანის ეკონომიკა სარგებელს მიიღებს ამ შეთანხმებით შემსუბუქებული სანქციებისგან.