ბათუმში პოლიციამ გაათავისუფლა საპროტესტო აქციის სამი მონაწილე
ბათუმში გაათავისუფლეს საპროტესტო მსვლელობის დროს დაკავებული სამი დემონსტრანტი, მათ შორის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი. საპროტესტო აქცია იმართებოდა ლოზუნგით "ჩვენ ერთად ვცეკვავთ, ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ". პოლიციამ, მისი განცხადებით წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დემონსტრანტები მას შემდეგ დააკავა, რაც ისინი ევროპის მოედნიდან მსვლელობით დაიძრნენ მემედ აბაშიძის გამზირზე. საპროტესტო მსვლელობა გაგრძელდა ქალაქის პოლიციის მთავარი სამმართველოს მიმართულებით, იქ მისულ მოქალაქეებს კი სამივე დაკავებული დემონსტრანტი გათავისუფლებული დახვდა. მსვლელობა ბათუმის ქუჩებში გაგრძელდა, აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლთან შეჩერდნენ შეძახილებით - " სისტემა უნდა დაინგრეს" - ამის შემდეგ კი აქცია ისევ ევროპის მოედანზე განახლდა, იქ სადაც ის დღეს თავდაპირველად, 15:00 საათზე დაიწყო, თბილისში გამართული აქციის პარალელურად. ბათუმში, ევროპის მოედანზე შეკრებილები აცხადებენ, რომ აპროტესტებენ წუხელ თბილისში ღამის კლუბებში განხორციელებულ სპეცოპერაციას, ქვეყანაში არსებულ ნარკოპიკიტიკას და ძალადობას.