ბოროტმოქმედმა დააზიანა ილია რეპინის ცნობილი ნახატი
ერთ-ერთმა დამთვალიერებელმა 25 მაისს დააზიანა ცნობილი რუსი მხატვრის ილია რეპინის ნახატი „ივანე მრისხანე და მისი შვილი“, რომელიც მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეაშია გამოფენილი. პოლიციის ცნობით, ბოროტმოქმედმა დამცავი მეტალის ბოძით ჩაამსხვრია შუშა, რის გამოც ნახატი სერიოზულად დაზიანდა. ტილო სამ ადგილას გაიხა. ნახატი მოხსნეს გამოფენიდან. ბოროტმოქმედი, 37 წლის ვორონეჟელი მამაკაცი, დაკავებულია. მან დაკითხვის დროს განაცხადა, რომ მოქმედებდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ. ილია რეპინმა 1883-1885 წლებში შექმნა ნახატი „ივანე მრისხანე და მისი შვილი“, რომელიც ცნობილი ასევე სახელწოდებით „ივანე მრისხანე კლავს თავის შვილს“. ნახატმა თავსი დროზე განარისხა სინოდის ობერ-პროკურორი კონსტანტინ პობედანოსცევი და შემდგომში თავად რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე მესამე. რის გამოც ილია რეპინის ეს ნახატი ერთ-ერთი პირველია, რომელიც რუსეთში აკრძალული იყო ცენზურის გამო. 2013 წლის შემოდგომაზე, ისტორიკოსთა ნაწილი და ე.წ. „მართლმადიდებელი აქტივისტები“ მოითხოვდნენ რეპინის ნახატის მოშორებას ტრეტიაკოვის გალერეიდან, ვინაიდან იგი, მათი აზრით, „ცილს სწამებს რუს ხალხს, რუსეთის სახელმწიფოსა და რუსეთის ღირსსახსოვარ დედოფლებსა და მეფეებს“.