აშშ-ის ანგარიში: რელიგიური ნიშნით დევნა ფართოდ არის გავრცელებული მსოფლიოში
აშშ-ი აცხადებს, რომ რელიგიური ნიშნით დევნა კვლავინდებურად ფართოდ არის გავრცელებული მსოფლიოში. ეს შეფასება და რელიგიური ნიშნით დევნის ამსახველი ფაქტები შესულია მსოფლიოში რელიგიური თავისუფლების შესახებ წლიურ ანგარიშში, რომელიც 29 მაისს გამოაქვეყნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა. ანგარიშში გაკრიტიკებულ ქვეყნებს შორის არიან რუსეთი, ირანი, ავღანეთი და პაკისტანი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ აღნიშნა, რომ ანგარიშს დიდი მნიშვნელობა აქვს „რელიგიის თავისუფლების დაცვის მისიისათვის“ და რომ აშშ კვლავაც მზად არის, უერთგულოს მსოფლიოში რელიგიური თავისუფლების დაცვას - „ახლაც და მომავალშიც“.29 მაისს გამოქვეყნებული ტექსტი მოიცავს ინფორმაციას 2017 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდის შესახებ. ის ასახავს მდგომარეობას 200-მდე ქვეყანაში და ტერიტორიაზე და ეფუძნება აშშ-ის საელჩოებიდან მიღებულ მასალებს, რომლებიც მომზადებულია კონკრეტული ქვეყნების მთავრობების, რელიგიური ჯგუფების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ჟურნალისტების, უფლებადამცველების, ექსპერტების და სხვა ორგანიზაციების თუ პირებისაგან მოპოვებულ ინფორმაციას. საქართველოს, ორივე სეპარატისტული რეგიონის ჩათვლით, ეძღვნება 14-გვერდიანი თავი.