4 ივნისს ჭიათურაში სრულმასშტაბიანი გაფიცვა დაიწყება
4 ივნისს 08:00 საათზე ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია ჭიათურაში სრულმასშტაბიანი გაფიცვას იწყებს.
გაფიცვაში მონაწილეობას მიიღებენ შუქრუთის, ითხვისის, დარკვეთის, მღვიმევის, წერეთლის, კოროხნალის, კოროხნალი 2-ის, დევიძეების მაღაროების, ასევე გამამდიდრებელი ფაბრიკების: ცოფ 1-ის, ცოფ 2-ის, ცდფ-ს, პეროფის, ფაბრიკა 29-ის, სატრანსპორტო განყოფილებისა და მექანიკური სახელოსნოს თანამშრომლები.
გაფიცვის პარალელურად ჭიათურის ცენტრში, გამგეობისა და კომპანიის სამმართველოს შორის არსებულ სკვერში საპროტესტო აქციებიც გაიმართება.
მაღაროელები, შრომით-სამართლებრივ, შრომის პირობებთან და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარების გარდა ხელფასების მატებას 30%-ით ითხოვენ და ისინი ამას ასაბუთებენ შემდეგი არგუმენტებით:
- 2014 წლიდან დღემდე, საქსტატის მონაცემებით სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასები გაზრდილია 15,2%-ით, ხოლო ამავე პერიოდიდან ჭიათურაში ხელფასების ზრდა არცერთხელ არ მომხდარა.
- 2014 წლის შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობა 450 ადამიანით არის შემცირებული, ხოლო საწარმო სიმძლავრეები არ შემცირებულა, ანუ თითოეული დასაქმებულის შრომის ნაყოფიერება გაზრდილია 13%-ით.
- კომპანია მოპოვებულ მადანს აშშ დოლარში ყიდის, ხელფასები კი ანგარიშდება და გაიცემა ეროვნულ ვალუტაში. იქიდან გამომდინარე, რომ 2014 წელს 1 აშშ დოლარი ღირდა 1,7 ლარი, ხოლო მიმდინარე მომენტში ღირს 2,45 ლარი, კომპანიას, უკვე 4 წელია, სახელფასო ფონდის ორგანიზებისთვის ეხარჯება 400 000 აშშ დოლარით ნაკლები.