საქართველო შეუერთდა მიმართვას რუსეთში მყოფი უკრაინელი პატიმრების გასათავისუფლებლად
გაეროს წევრი 38 ქვეყანა ორგანიზაციის გენერალურ მდივანს მიმართავს, რომ სასწრაფოდ გადასაწყვეტია რუსეთის საპატიმროში 14 მაისიდან მოშიმშილე ოლეგ სენცოვის საკითხი. „მისასალმებელია გაეროს ჩართულობა ამ პრობლემების მოსაგვარებლად და ჩვენ მხარს დავუჭერთ შემდგომ ნაბიჯებს უკანონოდ დაპატიმრებულთა მძიმე მდგომარეობის შესამსუბუქებლად“ - ნათქვამია წერილში, რომელიც სააგენტო „ფრანს-პრესმა“ გაავრცელა. გენერალურ მდივანს მიმართვა 14 ივნისს გადასცა გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვლადიმირ ელჩენკომ. მან ანტონიუ გუტერეშს გადასცა რუსეთში მყოფი ათობით უკრაინელი პოლიტპატიმრის სიაც, რომელშიც ოლეგ სენცოვთან ერთად არიან ანტიფაშისტი ალექსანდრ კოლჩენკო, ისტორიკოსი სტანისლავ კლიხი და პოლიტიკოსი ნიკოლაი კარპიუკი.
გაეროს გენერალური მდივნისადმი მიმართვის ხელმომწერ 38 ქვეყანას შორის არიან დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, აშშ, ავსტრალია, კანადა თურქეთი, საქართველო და მოლდავეთი.
რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა უკრაინელი რეჟისორი ოლეგ სენცოვი და სამოქალაქო აქტივისტი ალექსანდრ კოლჩენკო 2014 წლის მაისში დააკავეს ანექსირებულ ყირიმში და ბრალად დასდეს ტერაქტების ორგანიზება. 2015 წლის აგვისტოში, დონის როსტოვის სასამართლომ სენცოვს 20 წლით, კოლჩენკოს კი 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ორივე მათგანი პოლიტპატიმრად აღიარა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „მემორიალმა.“
ოლეგ სენცოვი, რომელიც სასჯელს ურალის მხარის ერთ-ერთ კოლონიაში იხდის, 14 მაისიდან შიმშილობს უკრაინელი პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით.

