მოლდავეთის საარჩევნო კომისიამ გაუქმებულად გამოაცხადა კიშინიოვის მერის არჩევნების შედეგები
მოლდავეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 29 ივნისს მხარი დაუჭირა კიშინიოვის მერის არჩევნების შედეგების გაუქმებას, რის გამოც ქვეყანაში არ წყდება საპროტესტო აქციები. დემონსტრანტები მოითხოვენ ძალაში დარჩეს 3 ივნისის არჩევნების შედეგი, რომლის თანახმად დედაქალაქის მერობისათვის ბრძოლაში გაიმარჯვა პროდასავლურად განწყობილმა ანდრეი ნასტასემ. მან ხმების 52,5%-ი მიიღო და დაამარცხა სოციალისტური პარტიის კანდიდატი იონ ჩებანი, რომელიც მხარს უჭერს მოსკოვთან ურთიერთობის გაძლიერებას. მოლდავეთის უზენაესმა სასამართლომ გასულ კვირაში დაასკვნა, რომ ორივე კანდიდატმა დაარღვია საარჩევნო კანონი, როდესაც სოციალური მედიის საშუალებით, არჩევნების დღეს, მომხრეებს არჩევნებზე მისვლისაკენ მოუწოდებდნენ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაუქმებულად გამაოცხადა არჩევნების შედეგები და 2019 წლამდე, როდესაც არჩევნები ხელახლა გაიმართება, კიშინიოვის მერის მოვალეობის შესრულება მოქმედ მერს დააკისრა.