არასამთავრობო ორგანიზაციები იწონებენ საგამოძიებო კომისიის ხედვას
„კომისიამ წარმოგვიდგინა ორი რეკომენდაციის პროექტი. რეკომენდაციების დასაბუთება აბსოლუტურად არგუმენტირებულია და ეს არის იმ ქმედებების ხაზგასმა, რომლებიც გამოძიებას უკვე უნდა შეესრულებინა საქმის მასალებიდან გამომდინარე", - განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.
30 ივნისს პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებს კომისიის წევრებმა ორ მოზარდთან დაკავშირებული რეკომენდაციები გააცნეს. ამ რეკომენდაციების თანახმად, უნდა დაიწყოს გამოძიება არასრულწლოვან გ.მ.-ს დაჭრის ფაქტზე, რაც ამ დრომდე არ არის გამოძიებული და ასევე, უნდა დაიწყოს სამართლებრივი დევნა არასრულწლოვან მ.კ.-ს წინააღმდეგ, რომლის შემთხვევაშიც იკვეთება დანაშაულის ნიშნები, თუმცა გამოძიებას არც ამ კუთხით უმუშავია.
რეკომენდაციები შემუშავებულია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების მიერ, რომლებიც საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობით არიან წარმოდგენილი. კომისიის წევრები „ქართული ოცნებიდან“ არ იზიარებენ მ.კ.-სთან დაკავშირებულ რეკომენდაციას, რადგან მას ნაჩქარევად მიიჩნევენ. რეკომენდაციების მიღების საკითხი კენჭისყრის გზით გადაწყდება და კომისიის ფარგლებში უმრავლესობით წარმოდგენილი „ევროპული საქართველო“ შეძლებს ამ საკითხის გატანას. თუმცა შემდეგ, რეკომენდაციების გარშემო პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უნდა იმსჯელონ და ამჟამინდელი განწყობების თანახმად, „ქართული ოცნების“ უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს მ.კ.-სთან დაკავშირებულ რეკომენდაციას.