მთავარი პროკურორობის მსურველებს შორის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსიცაა
საპროკურორო საბჭოს წარედგინა საქართველოს მთავარი პროკურორობის კიდევ 6 კანდიდატი. მათ შორის არიან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, შალვა თადუმაძე და პარლამენტის ყოფილი წევრი, შალვა შავგულიძე. საპროკურორო საბჭოს ოფიციალურ ვებსაიტზე 2 ივლისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა წარადგინა გიორგი შაშიაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა - ნინო გოგნიაშვილი, ედიშერ ფუტკარაძე და შალვა თადუმაძე, თბილისის ღია უნივერსიტეტმა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა და „განათლების აკადემიამ" - ირაკლი ნადარეიშვილი და პარტიამ „ევროპულმა საქართველომ“ - შალვა შავგულიძე. დღეისთვის სულ წარდგენილია 15 კანდიდატი.
„პროკურატურის შესახებ“ კანონის თანახმად, იუსტიციის მინისტრმა, საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა მთავარი პროკურორის შესარჩევად საჯარო კონსულტაციები 4 ივნისს დაიწყო. კანდიდატების წარდგენა შეუძლიათ აკადემიურ წრეებს, სამართლის დარგის სპეციალისტებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს. ერთთვიანი კონსულტაციების შედეგად, იუსტიციის მინისტრი კანონით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეარჩევს და საპროკურორო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს მთავარი პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს. კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრება კენჭი. კენჭისყრა ფარულია და დამტკიცებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა. საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებულ კანდიდატურას იუსტიციის მინისტრი თანხმობის მისაღებად დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს მთავრობას, რომელიც ორი კვირის ვადაში თანხმობას აცხადებს ან უარს ამბობს მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე. მთავრობის თანხმობის შემთხვევაში, კანდიდატურა დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს პარლამენტს, რომელიც მთავარ პროკურორს ირჩევს ფარული კენჭისყრით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით.