საგამოძიებო კომისიამ რეკომენდაციით მიმართა შსს-სა და მთავარ პროკურატურას
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შსს-სა და მთავარ პროკურატურას ორი რეკომენდაციით მიმართა.
2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, საქმის მასალებზე, აგრეთვე შსს-ის და პროკურატურის პასუხისმგებელი თანამდებობის პირების - კახაბერ სირაძისა და ზვიად ფხაკაძის მხრიდან მიღებულ ახსნა-განმარტებებზე დაყრდნობით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 66-ე მუხლის შესაბამისად, მიმართავს რეკომენდაციით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება გ.მ.-ს ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე, ასევე გაატაროს შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულის ჩამდენი პირების იდენტიფიცირებისთვის, ამ ფორმით რეკომენდაციას კომისიის 17 წევრიდან მხარი 10-მა წევრმა დაუჭირა, 1 წინააღმდეგი იყო, 6-მა თავი შეიკავა.
მეორე რეკომენდაციით კი საგამოძიებო კომისიამ მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას, დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა მ.კ.-ს მიმართ არასრულწლოვან დავით სარალიძის ჯგუფურად, განზრახ მკვლელობაში თანამონაწილეობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით. ამ ფორმულირებით რეკომენდაციას 8 მომხრე ჰყავდა 6 წინააღმდეგი და ერთმა თავი შეიკავა.