ევროპარლამენტარები მხარს უჭერენ სომხეთთან პარტნიორობას, მთავრობას რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებენ
ევროპის პარლამენტმა მწვანე შუქი აუნთო შეთანხმებას სომხეთსა და ევროკავშირს შორის კავშირების გაღრმავების თაობაზე და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მთავრობას რეფორმების გატარებისკენ მოუწოდა. 4 ივლისს, სტრასბურგში გამართულ პლენარულ სხდომაზე ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირ-სომხეთის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმებას, რითიც გზა გაუხსნეს ბლოკსა და სომხეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. ხელშეკრულება მიიღეს ხმათა თანაფარდობით 573-50, თავი შეიკავა 45-მა დეპუტატმა. კიდევ სხვა რეზოლუცია, რომელიც ასევე დამტკიცდა, ამბობს, რომ 2017 წლის ნოემბერში ორი მხარის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება წარამოადგენს საშუალებას სომხეთში შიდაპოლიტიკური რეფორმების გატარებისთვის. ევროპარლამენტარებმა სომხეთს მოუწოდეს "მნიშვნელოვან პროგრესს" მიაღწიოს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა არჩევნების ჩატარება, სასამართლოს დამოუკიდებლობა, მედიის თავისუფლება, და კორუფციის, ფულის გათეთრების, გადასახადებისთვის თავის არიდების და ოლიგარქიული კონტროლის წინააღმდეგ ბრძოლა - ვკითხულობთ ევროპარლამენტის განცხადებაში. ევროპის პარლამენტის წევრები დასძენენ, რომ ამ რეფორმების გატარებამ შესაძლოა გზა გაუხსნას თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას, მათ შორის სავიზო ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგის აწყებას. ევროპარლამენტარებმა იქვე გამოთქვეს სინანული, რომ სომხეთთან გაფორმებული შეთანხმება ვერ ითვალისწინებს საბაჟო ბარიერების მოხსნას, რადგან სომხეთი წევრია რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი, ევრაზიული ეკონომიკური კავშირისა. ევროკავშირსა და სომხეთს შორის გაფორმებული ეს შეთანხმება წარმოადგენს ასოცირების ხელშეკრულების უფრო შეზღუდულ ალტერნატივას. ასოცირების ხელშეკრულების შესახებ სომხეთისა და ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა 2013 წელს მოილაპარაკეს, თუმცა იმავე წლის სექტემბერში მაშინდელმა პრეზიდენტმა, სერჟ სარგსიანმა მოულოდნელად უკან დაიხია, ერევანში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სტუმრობის შემდეგ. ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში სომხეთი 2015 წლის იანვარში გაწევრიანდა. ევროპის პარლამენტის წევრები ასევე მიესალმნენ სომხეთის მოქალაქეების მიერ ახლახან ხელისუფლების მშვიდობიან შეცვლას და ფაშინიანს პრემიერ-მინისტრად არჩევა მიულოცეს. ფაშინიანი რამდენიმე კვირის განმავლობაში ხელმძღვანელობდა მშვიდობიან აქციებს ქუჩებში, რასაც მოჰყვა მისი წინამორბედის, სარგსიანის გადადგომა - ექვს დღეში მას შემდეგ, რაც მან პრემიერად დაიწყო მუშაობა.