ტრამპის კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელი ითხოვს მისი სასამართლოს სხვა ადგილას გადატანას
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელის, პოლ მანაფორტის ადვოკატები მოსამართლეს მიმართავენ თხოვნით, რომ პროცესი, რომელიც მიმდინარე თვეში უნდა დაიწყოს, გაიმართოს სხვა ადგილას - რადგან მასზე შესაძლოა უარყოფითად აისახოს ის, რომ ვაშინგტონში ეს საქმე სასამართლომდე მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ფინანსური დანაშაულების თაობაზე მანაფორტის სასამართლო პროცესი 25 ივლისს უნდა დაიწყოს ალექსანდრიაში, ვაშინგტონთან ახლოს. მაგრამ ადვოკატებმა 6 ივლისს განაცხადეს, რომ მანაფორტისთვის იქ შეუძლებელი იქნება სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობა, რადგან მის საქმეს ინტენსიურად აშუქებს ვაშინგტონის მედია. ადვოკატების სურვილია სასამართლო გაიმართოს ვირჯინიის სამხრეთდასავლეთში, როანოკში. მანაფორტის საქმე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია საგანგებო პროკურორის, რობერტ მიულერის საგამოძიებო პროცესისა, რომელიც კონცენტრირებულია ცნობებზე რუსეთის ჩარევის შესახებ აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.