სმითების მკვლელობაში ბრალდებულის დედას შვილის დანაშაულის არ სჯერა
ხადის ხეობაში სმითების ოჯახის წევრთა მკვლელობაში ბრალდებულის დედა მარიამ მარტიაშვილი ვარაუდობს, რომ დანაშაულში სხვა პირი მონაწილეობდა. მარტიაშვილს რაიმე ვერსიაზე საუბარი უჭირს, თუმცა ამბობს, რომ მისი შვილი დამნაშავე არ არის და სანადირო თოფი არ ჰქონია.
„არ ვიცი, ვის ეკუთვნის ის. მე არ მჯერა, რასაც ედავებიან. შვიდ რიცხვში ვესაუბრე, თუმცა მომხდარზე არაფერი უთქვამს. ვიცი, რომ იმ დღეს მწყემსებთან ერთად იყო, მაგრამ ვინ არიან ეს მწყემსები, არ ვიცი. ეჭვი მაქვს, რომ ამის უკან ვიღაც დგას. ეჭვი რომელიმე მწყემსზე არ მაქვს, მაგრამ შესაძლოა, სხვა პირი იყოს“ - განუცხადა ჟურნალისტებს მარიამ მარტიაშვილმა. მისივე თქმით, ამჟამად გამოძიებას და ექსპერტიზის პასუხს ელოდება.
ბრალდებულის ადვოკატის, ალუდა ბუჩუკურის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მიაწოდოს მისთვის ცნობილი ინფორმაცია. „გარკვეულ მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებას ფლობს საქმესთან დაკავშირებით, თუმცა ამ ეტაპზე მისი პოზიციაა, რომ თავს ვიკავებთ საჯაროდ ინფორმაციის გავრცელებისგან. ის არ ცნობს თავს დამნაშავედ“ - განუცხადა ჟურნალისტებს ადვოკატმა. ბუჩუკურის ინფორმაციით, ბრალდებულს ფიზიკური დაზიანების კვალი ემჩნევა. თუმცა, ადვოკატი არ ასახელებს დაზიანების გამომწვევ მიზეზს.