განცხადება უკრაინის შესახებ
12 ივლისს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს, საქართველოსა და უკრაინის უმაღლესი დონის შეხვედრის შემდეგ ნატო-უკრაინის ურთიერთობების შესახებ გავრცელებულ განცხადებაში ნატოს წევრები (უნგრეთის გამოკლებით) გამოხატავენ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერას და ხაზს უსვამენ უკრაინის უფლებას თავად, სხვისი ჩარევის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება თავის მომავლისა და საგარეო პოლიტიკური კურსის თაობაზე.
„ნატო და უკრაინა კვლავაც მოუწოდებენ რუსეთს უკან წაიღოს ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო და არალეგიტიმური ანექსია, რომელსაც ისინი არ ცნობენ არც ახლა და არც მომავალში. ნატო და მისი მოკავშირეები კვლავაც დაეხმარებიან უკრაინას რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებაში უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორებში, მათ შორის „მრავალმხრივი მხარდაჭერის პაკეტის“ (CAP) ფარგლებში“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
12 ივლისის სხდომის თავმჯდომარის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ნატო კვლავაც ერთგულია ბუქარესტისა და შემდგომი სამიტების გადაწყვეტილებებისა უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივის თაობაზე.
ნატოს მოკავშირეები მოუწოდებენ უკრაინას მაქსიმალურად გამოიყენოს „წლიური ეროვნული პროგრამა“ (ANP) და მიესალმებიან უკვე მიღწეულ პროგრესს, განსაკუთრებით კი „ანტიკორუფციული უზენაესი სასამართლოსა“ და „ეროვნული უსაფრთხოების შესახებ“ კანონების მიღებას:
„უკრაინის რეფორმები, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლა და ინკლუზიური საარჩევნო პროცესის ხელშეწყობა, რაც დაეფუძნება დემოკრატიულ ფასეულობებს, ადამიანის უფლებების დაცვას, უმცირესობათა უფლებებსა და კანონის უზენაესობას, იქნება გადამწყვეტი აყვავებული და მშვიდობიანი, ევროპულ დემოკრატიებთან მტკიცედ დაკავშირებული უკრაინისთვის საფუძვლის ჩასაყრელად“.
ნატოს ლიდერები მიესალმებიან უკრაინის პროგრესს „მრავალმხრივი მხარდაჭერის პაკეტის“(CAP) შესრულებაში. ნატო და უკრაინა გაააქტიურებენ თანამშრომლობას „ჰიბრიდული ომის მოგერიების პლატფორმის“ ფარგლებში იმისათვის, რომ გაძლიერდეს უკრაინის შესაძლებლობები მის ტერიტორიაზე ჰიბრიდული შეტევების გასაუვნებელყოფად.
ნატოს მოკავშირეები და უკრაინა გმობენ რუსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევებსა და დისკრიმინაციას. ისინი მოუწოდებენ რუსეთსა და მის დე ფაქტო ხელისუფლებას მისცეს ყირიმში შესვლის შესაძლებლობა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და აგრეთვე გაათავისუფლოს რუსეთის ტერიტორიაზე პატიმრობასა და ტყვეობაში მყოფი უკრაინელები.
ნატოს სახელმწიფოებისა და უკრაინის ლიდერები გამოთქვამენ შეშფოთებას უკრაინის მოქალაქეების წამებისა და მათი რუსეთის ციხეებში გადაყვანის გამო.
„რუსეთის მიერ ყირიმის, შავი ზღვისა და აზოვის ზღვის მიმდინარე მილიტარიზაცია მეტ საფრთხეს უქმნის უკრაინის დამოუკიდებლობასა და უფრო ფართო რეგიონის სტაბილურობას. ლიდერები გმობენ რუსეთის მიერ ქერჩის სრუტეზე ხიდის მშენებლობასა და ნაწილობრივ გახსნას, რაც უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი ხელყოფაა და უზღუდავს უკრაინას საკუთარ ტერიტორიულ წყლებში ნაოსნობის უფლებას“.
12 ივლისის განცხადებაში ვკითხულობთ: „აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირება, რომელიც რუსეთმა წამოიწყო და დღემდე აგრძელებს, რჩება ევროატლანტიკური უსაფრთხოების მთავარ გამოწვევად და შექმნა ჰუმანიტარული კატასტროფა დონბასში. ამის შედეგია 10 ათასზე მეტი ადამიანის სიკვდილი და უკრაინის მილიონ-ნახევარი მოქალაქის იძულებით გადაადგილებულ პირად ქცევა“.
ნატოს მოკავშირეები და უკრაინა კიდევ ერთხელ გამოხატავენ კონფლიქტის დიპლომატიური გზებით, მინსკის შეთანხმებების შესაბამისად მოგვარებისადმი მხარდაჭერას და მიესალმებიან „ნორმანდიის ფორმატის“ მცდელობას: „ამ თვალსაზრისით, რუსეთს, როგორც მინსკის შეთანხმებების ხელმომწერს, ეკისრება მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა. ნატო და უკრაინა მოუწოდებენ რუსეთს გაიყვანოს თავისი ძალები და შეწყვიტოს რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალების ყველა სახის პოლიტიკური, ფინანსური და სამხედრო დახმარება დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში“.
ნატოსა და უკრაინის ლიდერებმა აღნიშნეს, რომ სრულფასოვანი ცეცხლის შეწყვეტა, მძიმე შეიარაღების გატანა, ეუთოს „მონიტორინგის საგანგებო მისიის“ (SMM) მიერ ეფექტიანი მონიტორინგი, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ფორმირებებისა და მძიმე სამხედრო ტექნიკის გატანა, აგრეთვე უკანონო ჯგუფების განიარაღება რჩება კონფლიქტის დეესკალაციისთვის უპირველეს ნაბიჯებად: „“მონიტორინგის საგანგებო მისიას“ უნდა მიეცეს უფლება სრულად შეასრულოს თავისი მანდატი და ჰქონდეს სრული, უსაფრთხო და შეუფერხებელი წვდომა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის - უკრაინა-რუსეთის საზღვარზე. ნატოსა და უკრაინის ლიდერებმა მოუწოდეს რუსეთს დაუბრუნდეს „კონტროლისა და კოორდინაციის ერთობლივ ცენტრს“ (JCCC) იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს ადგილზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებებს“.
ნატოსა და უკრაინის ლიდერებმა იმსჯელეს დონბასში გაეროს ეგიდით სამშვიდობო ძალის განთავსების შესაძლო პერსპექტივაზეც.
„ნატოს მოკავშირეები და რუსეთი შეშფოთებულები არიან რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის შემდგომი დესტაბილიზაციის მცდელობების გამო, მათ შორის: ძალის გამოყენების მუქარით, დეზინფორმაციით, კიბერ-შეტევებით, ენერგეტიკის სფეროში შანტაჟით, უკრაინის სუვერენულ ინსტიტუციურ და საარჩევნო პროცესებში ჩარევით. ისინი მოუწოდებენ რუსეთს შეწყვიტოს ასეთი ქმედებები“.
ნატოს ლიდერები მაღალ შეფასებას აძლევენ უკრაინის მონაწილეობას ალიანსის ოპერაციებსა და წვრთნებში აგრეთვე მიესალმებიან უკრაინის გადაწყვეტილებას გაზარდოს თავისი წვლილი ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიასა და ნატოს რეაგირების ძალებში.