სოხუმში შექმნეს საკუთარი "შავი სია"
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის „ომის ვეტერანთა ორგანიზაციამ“ ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე საპასუხოდ სოხუმის პარლამენტს „ხიშბა-სიგუას სიის“ მიღება შესთავაზა. ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ თანახმად, სიაში 26 ადამიანი მოხვდა. მათ შორის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრები - ბაჩო ახალაია, დავით კეზერაშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი ზაზა გოგავა და სხვა პირები. აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის „ომის ვეტერანთა ორგანიზაციის“ მტკიცებით, „ხიშბა-სიგუას სიაში“ მოხვდნენ ის ადამიანები, რომლებიც „სამხედრო დანაშაულებში, გენოციდსა და ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობდნენ“. რაც შეეხება ხიშბას და სიგუას, აფხაზური მხარის მტკიცებით, ისინი "საქართველოს სპეცსამსახურების დაკვეთით გაიტაცეს და მოკლეს". საქართველოს პარლამენტმა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ რეზოლუცია 21 მარტს მიიღო. სიაში ჯერჯერობით 33 კაცია შეყვანილი, რომლებმაც 1991 წლიდან დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ სხვადასხვა დანაშაული ჩაიდინეს.