"საქნახშირი" უარყოფს, რომ მეშახტეებს მუშაობას აიძულებენ
ტყიბულის მინდელის სახელობის შახტის მმართველი კომპანია „საქნახშირი“ უარყოფს პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მეშახტეებს აიძულებენ სამუშაო პროცესის განახლებას და შესაბამისი შეტყობინებები გაუგზავნეს. „საქნახშირის“ გენერალური დირექტორის, ჯამბულ ჯაყელის მტკიცებით, მუშახელი ფაქტობრივად ისვენებს და ამ ეტაპზე მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვის და სხვა ისეთი ტექნიკური სამუშაო, რომელიც აუცილებელია შახტის მომავალი ფუნქციონირებისთვის. ჯაყელმა „პირველ არხს“ უთხრა, რომ კომპანია მზად არის დასაქმებულებს გაცდენილი დღეებისთვის ანაზღაურება გადაუხადოს. „ვერ გეტყვით, რომ ეს გაგრძელდება უსასრულოდ, მაგრამ ერთი ან ორი თვის ხელფასს მეშახტეებს დავურიგებთ“ - განაცხადა ჯაყელმა. მას დღეს შეხვდნენ მეშახტეები, რომლებმაც მოითხოვეს წარმოების დირექტორის, შახტის დირექტორის და მთავარი ინჟინრის გათავისუფლება.