პუტინი ნატოში საქართველოს და უკრაინის მიღების მომხრეებს აფრთხილებს
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უპასუხისმგებლო პოლიტიკა უწოდა ნატოში საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების მცდელობებს. საზღვარგარეთ აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრისას პუტინმა განაცხადა, რომ ევროპის სტაბილურობის და უსაფრთხოების გასაღებია თანამშრომლობის გაფართოება და ნდობის აღდგენა და არა ის, რაც დღეს ხდება - რუსეთის საზღვრებთან ნატოს ახალი ბაზების და სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსება. პუტინის თქმით, მსგავს აგრესიულ ნაბიჯებზე, რომლებიც რუსეთისთვის პირდაპირი საფრთხეა, მოსკოვს თანაზომიერი რეაქცია ექნება. „კოლეგები, რომლებიც გამწვავებაზე თამაშობენ და ცდილობენ ნატოს სამხედრო ორბიტაზე მაგალითად, უკრაინის, ან საქართველოს ჩართვას, უნდა დაფიქრდნენ მსგავსი უპასუხისმგებლო პოლიტიკის შესაძლო შედეგებზე“ - განაცხადა პუტინმა. მისივე თქმით, საჭიროა სხვა, პოზიტიური დღის წესრიგი, რომელიც მიმართული იქნება ერთობლივი მუშაობის და შეხების წერტილების მოძიებისკენ. პუტინის ინფორმაციით, ამ საკითხზე აშშ-ის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრეს.