სოზარ სუბარმა სამცხე-ჯავახეთში ახალი გუბერნატორი წარადგინა
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი 22 აგვისტოდან ოფიციალურად შეუდგა მუშაობას. ახალდანიშნული გუბერნატორი სამხარეო ადმინისტრაციაში რეგიონალური სამსახურის უფროსმა სოზარ სუბარმა წარადგინა.
ახალდანიშნული მხარის რწმუნებულის განმარტებით, მთავარი გამოწვევა რეგიონში ეკონომიკური პრობლემებია. ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით, პრემიერმა მას ხალხთან აქტიური კომუნიკაცია დაავალა.
ახალციხეში ფიქრობენ, რომ ახალი გუბერნატორი სამცხე-ჯავახეთში ვითარებას მნიშვნელოვნად ვერ შეცვლის. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბესიკ ამირანაშვილის დანიშვნას ძალოვანი სტრუქტურის გაძლიერებად მიიჩნევს. ირაკლი ბარძიმაძე აცხადებს, რომ კანონით გუბერნატორების უფლებამოსილება შეზღუდულია, რის გამოც, მისი აზრით, ძალოვანი სტრუქტურიდან ახალი გუბერნატორის დანიშვნა მხოლოდ არჩევნების გაყალბებას ემსახურება.
სამცხე-ჯავახეთში ბესიკ ამირანაშვილის დანიშვნამდე გუბერნატორის პოსტზე აპრილში კიდევ ერთი ცვლილება განხორციელდა. მაშინდელმა რწმუნებულმა აკაკი მაჭუტაძემ და შიდა ქართლის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ თანამდებობები გაცვალეს. „ევროპული საქართველოსთვის“ გაურკვეველია, რა ნიშნით შეცვალეს ან გაათავისუფლეს ყოფილი გუბერნატორი. გელა დემეტრაძე ამბობს, რომ ამის ახსნა საზოგადოებისთვის არავის უცდია.
გუბერნატორის შეზღუდულ ფუნქციებზე ამახვილებენ ყურადღებას მესამე სექტორში. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დემოკრატ მესხთა კავშირში“ ამბობენ, რომ გუბერნატორების მიერ მომზადებული რეგიონთაშორისი პროექტების შესახებ ინფორმაცია არა აქვთ. შესაბამისად, გიორგი ანდღულაძე ფიქრობს, რომ საბჭოების შექმნის იდეამ ვერ გაამართლა.
ბესიკ ამირანაშვილი სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორად დანიშვნამდე იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო, 2016-2017 წლებში კი შს მინისტრის პირველი მოადგილის პოზიცია ეკავა.