ბოლტონი: აშშ არ შეეწინააღმდეგება მიწის გაცვლას კოსოვოსა და სერბიას შორის
უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი, ჯონ ბოლტონი აცხადებს, რომ აშშ არ შეეწინააღმდეგება ტერიტორიების გაცვლას კოსოვოსა და სერბიას შორის, მათი ხანგრძლივი კონფლიქტის გადასაჭრელად - თუკი პრიშტინა და ბელგრადი შეძლებენ "ორივე მხარისთვის დამაკმაყოფილებელი შეთანხმების" მიღწევას. "ვფიქრობ, არის ახალი ნიშნები, რომ შესაძლოა ორივე მთავრობა მზად იყოს ამ საკითხზე მოსალაპარაკებლად" - განაცხადა ბოლტონმა 24 აგვისტოს, კიევში ვიზიტისას და დასძინა: "ჩვენი პოლიტიკა, აშშ-ის პოლიტიკა ისაა, რომ თუკი ორი მხარე ერთმანეთში მოილაპარაკებს და შეთანხმების მიღწევას შეძლებს, ჩვენ არ გამოვრიცხავთ ტერიტორიულ ცვლილებებს. ეს ჩვენი სათქმელი არც არის". ბოლტონმა აღნიშნა, რომ სავარაუდოდ ორმხრივ შეთანხმებას არც ევროპაში გამოუჩნდება მოწინააღმდეგე. რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ბელგრადი უარს ამბობს კოსოვოს სახელმწიფოდ აღიარებაზე, მას შემდეგ, რაც პრიშტინამ 2008 წელს სერბიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. კოსოვოს პრეზიდენტი, ჰაშიმ ტაჩი გამოდის წინადადებით, რომ მისი ინიციატივა, სერბიის სამხრეთით მდებარე პრესევოს ხეობა კოსოვოს მიუერთდეს, განხილულ იქნეს პრიშტინისა და ბელგრადის მოლაპარაკების შემდეგ რაუნდზე, რომელსაც ევროკავშირი უწევს შუამავლობას და სექტემბერში უნდა გაიმართოს. სერბიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ივიცა დაჩიჩი აცხადებს, რომ ტაჩის წინადადება შესაძლოა კომპრომისის მიღწევის გზა იყოს. თუმცა სკეპტიკოსები თვლიან, რომ შესაძლოა მთელი ბალკანეთის რეგიონის დესტაბილიზაცია მოჰყვეს ამ შეთანხმებას - რომელიც ითვალისწინებს სამხრეთ სერბიის ძირითადად ეთნიკური ალბანელებით დასახლებული ნაწილის გაცვლას ჩრდილოეთ კოსოვოს ძირითადად ეთნიკური სერბებით დასახლებულ ტერიტორიებში.