ანაკლიაში ოთხი პირი დააკავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით
ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს საქართველოსა და ირანის მოქალაქეები.
შსს-ს თანახმად, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ნარკოდანაშაულისთვის ოთხი პირი დააკავა სოფელ განმუხურში მიმდინარე ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე. ფესტივალის დაწყების პირველივე დღეს, ირანის ორი და საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით.
„დაკავებული არიან ირანის მოქალაქეები: 1984 წელს დაბადებული ა.ქ. და 1995 წელს დაბადებული ს.ა, ასევე საქართველოს მოქალაქეები: 1985 წელს დაბადებული ი.კ. და1980 წელს დაბადებული ბ.კ.
სამართალდამცველების მიერ დაკავებულ პირთა ჩხრეკისას სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად იქნა ამოღებული, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს“, - ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.