ირანის თავდაცვის მინისტრი სირიაში ჩავიდა თანამშრომლობის საკითხებზე სასაუბროდ
ირანის თავდაცვის მინისტრი ამირ ჰათამი ორდღიანი ვიზიტით ესტუმრა სირიას, სადაც მოლაპარაკებებს გამართავს ორმხრივი თანამშრომლობის განსავითარებლად. „იმედი მაქვს, რომ ჩვენ ნაყოფიერ წვლილს შევიტანთ სირიის რეკონსტრუქციაში“, - განაცხადა ირანელმა მინისტრმა 26 აგვისტოს დამასკში ჩასვლის დროს. ირანი, რუსეთთან ერთად, მხარს უჭერს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადს შვიდწლიან სამოქალაქო ომში, რომლის დროსაც ათასობით ადამიანი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე მილიონმა დატოვა ქვეყანა. ირანელი სამხედრო მინისტრის ვიზიტის ფონია ვითარება, როდესაც სირიის სამთავრობო ჯარებმა შეძლეს მეამბოხეების დანდევნა ქვეყნის ტერიტორიის უდიდესი ნაწილიდან. სირიის არმია ემზადება გადამწყვეტი ბრძოლებისათვის იდლიბის პროვინციაში, რომელიც მემაბოხეთა ბოლო ციტადელს წარმოადგენს. ირანელი სამხედრო ინსტრუქტორები და სამხედრო მოსამსახურეები სირიის პრეზიდენტის მხარეზე იბრძვიან, რასაც ვაშინგტონი აპროტესტებს. სააგენტო როიტერსის თანახმად, 2012 წლიდან მოყოლებული სირიაში დაიღუპა ირანის ელიტური დანაყოფის - ისლამური რევოლუციური კორპუსის ათასამდე წევრი, მათ შორის მაღალჩინოსანი ოფიცრები.