საქართველოში დაკავებული რუსი ჰაკერი სასამართლოს წინ ნიუ-იორკში წარსდგება
საქართველოში დაკავებული 35 წლის რუსი ჰაკერი ანდრეი ტიურინი, რომელსაც ბრალი ედება "JP მორგან ჩეიზსა" და ათეულობით სხვა ამერიკული ფინანსურ ორგანიზაციაზე ორგანიზებულ კიბერშეტევაში, ნიუ-იორკში 7 სექტემბერს იქნა ექსტრადირებული. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკის საიდუმლო სამსახური ავრცელებს.
მანჰეტენის პროკურორის თქმით "ანდრეი ტიურინი ეჭვმიტანილია გლობალურ ჰაკერულ შეტევაში მონაწილეობაში, რომელთა სამიზნეც იყო მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუტები, საბროკერო ფირმები, საინფორმაციო სააგენტოები და სხვა კომპანიები."
კიბერ დანაშაული, რომელშიც ტიურინს ბრალი ედება, ამერიკული ფინანსური ინსტიტუტების ისტორიაში უპრეცედენტოდ მასშტაბურია. დანაშაულის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი, რომელთა პირად ინფორმაციაზეც ჰაკერს ხელი მიუწვდებოდა, 80 მილიონს აღწევს. ფინანსური კომპანიებზე შეტევა მან ისრაელის მოქალაქე გერი შალომთან ერთად განახორციელა, რომელიც 2015 წელს სამშობლოში დააკავეს, 2016 წელს კი ამერიკის შეერთებულ შტატებს გადასცეს.
ამერიკის უსაფრთხოების სამსახურებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ რუსული სადაზვერვო სამსახურები ცდილობდნენ ტიურინის გადაბირებას და ამ ფაქტის დამადასტურებელი საბუთები ფედერალური გამოძიების სააგენტოს გადაეცა.
ტიურინის დაკავებას წინ უძღოდა რამდენიმეწლიანი გამოძიება და დევნა. ამერიკული სასამართლოს წინაშე რუსი ჰაკერი 25 სექტემბერს წარსდგება. დაკავებული ბრალს ამ დროისთვის არ აღიარებს.