პრეზიდენტი შეხვდება საგანგებო რეჟიმში მომუშავე „იბერიას“ ჟურნალისტებს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტებს მომავალი კვირის დასაწყისში შეხვდება. უკვე მეორე დღეა „იბერია“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს - არხის მფლობელებმა ხელისუფლება ზეწოლაში დაადანაშაულეს.
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ყოველთვის, როდესაც რომელიმე მედია საქართველოში პრობლემის წინაშე დგებოდა, პრეზიდენტი აქტიურად ერთვებოდა პროცესში, რადგან „დამოუკიდებელი და მრავალფეროვანი მედიაგარემო ერთ-ერთი ის უმთავრესი ფუნდამენტი, რაზეც უნდა დაშენდეს ამ ქვეყნის სწორი და ძლიერი მომავალი“.
ტელეკომპანია „იბერიას“ თანამშრომლები აცხადებენ, რომ არხის ხელში ჩაგდების მთავარ ბერკეტად მმართველი პოლიტიკური ძალა ომეგა ჯგუფის ბიზნესზე ზეწოლას იყენებს და რომ მისმა მფლობელმა, ზაზა ოქუაშვილმა, 51-მილიონიანი დავალიანების სანაცვლოდ, ტელევიზია უნდა დათმოს.
“იბერია” და მისი მფლობელი „ომეგა ჯგუფი,“ რომლის შემოსავლის ძირითადი წყარო თამბაქოს რეალიზაციაა, ზეწოლის და ფინანსური პრობლემების შესახებ აცხადებდნენ 2018 წლის თებერვალშიც. მაშინ საუბარი იყო „ომეგა ჯგუფის“ სასამართლო დავაზე „British American Tobacco“-სთან და ამ კომპანიის დემპინგის შედეგად მიღებულ 100-მილიონიან ზარალზე.