ვაშაძე წულუკიანს „პოლიციური რეჟიმის“ შექმნაში ადანაშაულებს
ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კამპანიის ხელმძღვანელი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ უწყებათშორისი კომისიის ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმა კომისიის სხდომებზე „პოლიციური რეჟიმი“ ჩამოაყალიბა - ჯერ აკრძალა ჟურნალისტების დასწრება, შემდეგ თავს დაესხა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, ხოლო 7 სექტემბერს კი სხდომაზე ყველას აუკრძალა ტელეფონებით შესვლა. ვაშაძის თქმით, ტელეფონით სარგებლობის უფლება მხოლოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს ჰქონდა.
„თქვენ არ ხართ „ქართული ოცნების“ იუსტიციის მინისტრი ან ივანიშვილის კომისიის წარმომადგენელი, თქვენ ხართ საქართველოს მოქალაქეების გადასახადებით დაქირავებული ადამიანი, რომელმაც უნდა შეასრულოს კანონი. რა უფლებით კრძალავთ კომისიის სხდომების პირდაპირ ტრანსლაციას, საჯაროობას? არ მოგცემთ უფლებას გამოიყენოთ თქვენი თანამდებობები ბოროტად“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ვაშაძის თქმით, უწყებათშორისი კომისია შექმნილია სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად და„ძალა ერთობაშია“ მას არჩევნების გაყალბების უფლებას არ მისცემს.