მოსკოვში გაიმართა შეხვედრა ვლადიმირ პუტინსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის
მოსკოვში გაიმართა შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის. მათ მაღალი შეფასება მისცეს დღევანდელ ვითარებას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში. როგორც კრემლი იტყობინება, ორი ლიდერის მოლაპარაკებების ყურადღების ცენტრში იყო რუსეთ-სომხეთის ურთიერთობების განვითარება, ასევე ევრაზიის ტერიტორიაზე თანამშრომლობა, კერძოდ - ევრაზიული ეკონომიკური კავშირისა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ფარგლებში. პუტინსა და ფაშინიანს შორის შეხვედრა გაიმართა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში გარკვეული დაძაბულობის გაჩენის ფონზე, მას შემდეგ, რაც ფაშინიანის მთავრობამ მკვეთრი ნაბიჯები გადადგა 2008 წლის დემონსტრაციების დროს მომხდარი ძალადობის გამოსაძიებლად. ამ პროცესის ფარგლებში სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენეს ყოფილ პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანს და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ამჟამინდელ ხელმძღვანელს, გენერალ იური ხაჩატუროვს, რასაც კრემლის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. ფაშინიანთან შეხვედრის წინ პუტინმა თქვა, რომ მოსკოვსა და ერევანს შორის ურთიერთობები „განუხრელად ვითარდება ყველა მიმართულებით“. მან ასევე ახსენა, რომ სომხეთი რუსეთისგან გაზს იღებს ყველაზე დაბალ ფასად, რა ფასადაც კი „გაზპრომი“ ყიდის ბუნებრივ აირს მსოფლიო ბაზარზე. თავის მხრივ ფაშინიანმა დასძინა, რომ ის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ოთხ თვეში, უკვე მესამედ შეხვდა პუტინს.